обзоры автоновинок kaps4karing.com
село ремонтное


რომის ქუჩის N4-ში მდებარე ისტორიული ძეგლის რეაბილიტაცია დაიწყო

Здесь новыешаблоны Joomla
креативные Joomla шаблоны.

04.11.2019

    თბილისის განვითარების ფონდმა, პროექტ „ახალი ტფილისის“ ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციის ფარგლებში რომის N4-ში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროცესს დღეს ადგილზე გაეცნო დედაქალაქის მერი კახა კალაძე.

   

„რომის ქუჩაზე არსებული შენობა-ნაგებობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ზუსტად ეს არის ჩვენი ქალაქის ხიბლი, სილამაზე, რომ ძალიან ბევრი გვაქვს ასეთი შენობა, რომელიც თავისი კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით, ღირებულია. აღნიშნული სახლი და ეზო ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. დაწყებული გვაქვს რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც, შენობა კონსტრუქციულად გამაგრდება. ასევე, ფასადი და შიდა ეზო ყველანაირად მოწესრიგდება. სამუშაოები 2020 წლის დეკემბერში დასრულდება. აღნიშნულ მისამართზე დაახლოებით, 50-მდე ოჯახი ცხოვრობს, ამ სამუშაოების ჩატარების შემდეგ კი მათი საცხოვრებელი ფართების ფასი ოთხ-ხუთჯერ გაიზრდება, რაც აქ მცხოვრები ადამიანებისთვის ეკონომიკური თვალსაზრისითაც, მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

   პროექტის ფარგლებში დაგეგმილია: შენობის საძირკვლის გამაგრება; დაზიანებული ღიობების მოჩარჩოება-გამაგრება; შენობის სახურავის შეფიცვრის შეცვლა-აღდგენა; სახურავის თუნუქის საფარის შეცვლა; გუმბათის რესტავრაცია; სახურავის წყალსაწრეტი სისტემის მოწყობა; ფასადის დეკორატიული ელემენტების აღდგენა ავთენტური სახით; ფასადის დაზიანებული ნალესობის მოხსნა, ხელახლა შელესვა და შეღებვა, კვლევის შედეგად აღმოჩენილი ავთენტური ფერის შესაბამისად; ეზოში არსებული ხის აივნების და შუშაბანდების რესტავრაცია; მარცხენა სადარბაზოს კიბის უჯრედის ნაწილობრივი სარესტავრაციო სამუშაოები (შეკეთდება მოზაიკური კიბეები და ლითონის ჭედური მოაჯირი); სადარბაზოში შესასვლელი მოზაიკური ბაქნის ნაწილობრივი სარესტავრაციო სამუშაოები; სადარბაზოს ხის კარის მოძრავი ნაწილის ფრთის დამზადება; გუმბათის ქვეშ არსებულ ბინაში ასასვლელი დაზიანებული ხის კიბის შეცვლა ლითონის კიბით; ეზოში არსებული 2 ლითონის კიბის დაშლა-რესტავრაცია და შემდგომი მონტაჟი; ქუჩის მხრიდან, ფასადზე განთავსებული ლითონის აივნების რესტავრაცია; დაზიანებული ლითონის ორფრთიანი ჭიშკრის რესტავრაცია; ფასადზე არსებული, სარდაფში ჩასასვლელი გვიანი პერიოდის კარის შეცვლა; ფასადზე არსებული კარ-ფანჯარის ნაწილობრივი გამოცვლა-რესტავრაცია; ფანჯრის ახალი, ავთენტურის მსგავსი ლითონის ჭედური ცხაურების მონტაჟი; ცენტრალური ნაწილის სადარბაზოს ხის კარის ადგილზე რესტავრაცია; სახლის წინ არსებული ტროტუარის ნიშნულის დაწევა ერთი საფეხურით, სადარბაზოს ნალექებისგან დასაცავად; ტერასის გადახურვის კონფიგურაციისა და შემომფარგლავი ლითონის მოაჯირების შეცვლა; წყალმომარაგების, წყალარინებისა და ელექტროქსელის მოწესრიგება; გარე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მოწესრიგება; ეზოს კეთილმოწყობა.

  რომის ქ N4-ში მდებარე შენობა თბილისური არქიტექტურის ერთ-ერთ გამორჩეულ ნიმუშს წარმოადგენს და მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. ეს იყო თბილისში ერთ-ერთი ყველაზე ადრეული, არტ ნუვოს ყაიდაზე გაწყობილი შენობა, რომლის ხუროთმოძღვარი სვიმონ კლდიაშვილი გახლდათ.

  სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 947 400 ლარს შეადგენს და მას შპს „ჯორჯიან ინჟინერინგი “ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებ 44 ბინათმესაკუთრეს გაუუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები და გაიზრდება უძრავი ქონების ღირებულება. პროექტის დასრულება 2020 წლის ბოლოსთვის იგეგმება.

  სამუშაოებს დედაქალაქის მერთან ერთად მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ალექსანდრე ტოგონიძე და ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში რიმა ბერაძე გაეცნენ.

 

   

 

Здесь новые шаблоны для dle
TOP