დედაენის და 9 მარტის ბაღების, მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების და მათი მიმდებარე ტერიტორიის რესტავრაცია-რეაბილიტაცია დასრულდა.
დედაქალაქის მერიამ და თბილისის განვითარების ფონდმა დედაენის და 9 მარტის ბაღების, მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების, ასევე, მათი მიმდებარე ტერიტორიის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი დაასრულეს.
პროექტის ფარგლებში ორივე ხიდს ჩაუტარდა რეაბილიტაცია-რესტავრაცია; აშენდა დედაენის და 9 აპრილის ბაღების დამაკავშირებელი საფეხმავლო გვირაბი; დემასის მხარეს გამოიცვალა და განახლდა კომუნიკაციები. ორივე ბაღში ჩატარდა გამწვანების მასშტაბური სამუშაოები და შეიცვალა ინვენტარი; მოწესრიგდა როგორც მიწისქვეშა, ასევე მიწისზედა კომუნიკაციები; მოეწყო გარე განათების ქსელი; კეთილმოეწყო საფეხმავლო სივრცე; მშრალი ხიდიდან სანაპიროზე ჩასასვლელ ორივე პანდუსზე მოეწყო გზის ახალი საფარი, ხოლო ერთ-ერთზე გზის დამჭერი კედელი; დამონტაჟდა ხიდების მხატვრული მინათება; დედაენის ბაღში მოეწყო სკეიტპარკი, სავარჯიშო სივრცე, შადრევანი, საბავშვო მოედანი და ძაღლების სასეირნო სივრცე; მხატვრებისა და ხელნაკეთი ნივთებით მოვაჭრეთათვის მოეწყო სავაჭრო სივრცეები.
პროექტი “ ახალი ტფილისი“ მიზნად ისახავს, ქალაქის ისტორიულ ნაწილში დიდი ტურისტული მარშრუტის შექმნას, ძველი და ახალი რეაბილიტირებული ზონების ერთმანეთთან დაკავშირებას, ტურისტულად მნიშვნელოვანი მიზიდულობის ცენტრის – მშრალი ხიდი და მიმდებარე არეალის ადაპტაციას სტუმრების და ძირითადი მომხმარებლების მოთხოვნებთან.