თბილისის განვითარების ფონდი წარმოადგენს არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირს, რომელიც დაფუძნდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2010 წელს.
ფონდის ხელმძღვანელი ორგანო არის ფონდის გამგეობა, რომლის თავმჯდომარე და წევრები არჩეულნი არიან ფონდის დამფუძნებლის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ.
ფონდის მიზანია:
ქალაქ თბილისის ისტორიული ნაწილის განვითარება და უძრავი ქონების ღირებულების ზრდის ხელშეწყობა.
ფონდის საქმიანობის პრიორიტეტებია:
1. ძველ თბილისში მსხვილი არეალების რეაბილიტაცია, დიდი ტურისტული მარშრუტის შეკვრა-გამთლიანების მიზნით.
2. დიდ ტურისტულ მარშრუტზე და მის გასწვრივ (და არა ზოგადად) მდებარე ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების აღდგენა-რესტავრაცია, რომელიც დამატებითი მიზიდულობის კერების შექმნას ემსახურება.
3. ისტორიული სადარბაზოების აღდგენა, რომელიც წარმოადგენს ცალკე აღებულ ერთ ტურისტულ პროდუქტს ქალაქის სტუმრებისთვის.
4. მუზეუმების აღდგენა, რომლებიც პოტენციურად პერსპექტიულია და იზიდავს ქალაქის მაცხოვრებლებსა და ტურისტებს.
5. რეკრეაციული ზონების განვითარება, რომელიც ემსახურება, ადგილობრივებისა და სტუმრებისთვის, უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნას თბილისში.
ცალკეულ შენობებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ორგანიზებისას ფონდი ხელმძღვანელობს დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრის გეოგრაფიკის მიერ ჩატარებული ქალაქის ისტორიული ნაწილის ურბანული განვითარების კონცეფციით, რომლის ფარგლებშიც შესწავლილ იქნა ქალაქ თბილისის მასშტაბით არსებული 1698 კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის და 566 ძეგლის სტატუსის არ მქონე, თუმცა მაღალი ღირებულებისა და მნიშვნელობის მატარებელი ობიექტები. შენობების რანჟირებისას გათვალისწინებული იქნა შემდეგი კრიტერიუმები: ძეგლის მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულება, სოციალურ-ეკონომიკური ეფექტი, ძეგლის ქალაქმაფორმირებელი მნიშვნელობა, ტურისტული მიმზიდველობა, ძეგლის კუმულაციური ეფექტი და შენობის ფიზიკური მდგომარეობა.
ფონდი დღეის მდგომარეობით სრულად ფინანსდება ქალაქ თბილისის მერიის საბიუჯეტო ასიგნებებიდან.