თბილისის განვითარების ფონდი პროექტ ,,ახალი ტფილისის’’ ფარგლებში ათონელის ქუჩა N31-ში მდებარე ისტორიული სადარბაზოს რექაბილიტაციას ახორციელებს.
შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს, ის მდებარეობს ქალაქ თბილისის ისტორიულ ნაწილში, ორბელიანების უბანში. შენობა მოიცავს ორ მისამართს – ათონელის ქ. N31 და ხიდის ქ. N2, N31-ს მინიჭებული ჰქონდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, ხოლო ხიდის ქ N2-ს ფონური ნაგებობისა.
თბილისის 1867 წლის გეგმაზე ტერიტორია გაუშენებელი ჩანს. დაახლოებით ამ დროს ის ალექსანდრე იაკობის ძე ზუბალაშვილმა შეიძინა და მასზე სასტუმროს აგება გადაწყვიტა. შენობის პროექტი არქიტეტორმა ოტო სიმონსონმა შეადგინა. მშენებლობა 1875 წელს დასრულდა. მშენებლობის დამთავრებისთანავე, 1875 წელს აქ გაიხსნა სასტუმრო ,,ლონდონი“, რომელიც ჩვეულებრივ მოიხსენიებოდა ფრანგული სახელწოდებით `Hôtel de Londres~ ის წლების მანძილზე თბილისის საუკეთესო სასტუმრო იყო და ცოცხალი კვალი დატოვა ქალაქის ისტორიაში. ეს ფაქტორი დიდწილად განსაზღვრავს შენობის ისტორიულ მნიშვნელობას და ღირებულებას.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს კედლებიდან და ჭერიდან გვიანდელი საღებავის ფენის მოხსნა, დაზიანებული იატაკებსი აღდგენა, დაზიანებული მხატვრობის, ხის ნაკეთობების რესტავრაცია/აღდგენა, კიბის საფეხურებისა და მოაჯირების სარესტავრაციო სამუშაოები და სარესტავრაციო არეალში არსებული კომუნიკაციების მოწესრიგება.