დავით აღმაშენებლის N36-ში მდებარე ისტორიული სადარბაზოს რესტავრაცია

თბილისის განვითარების ფონდმა პროექტ “ახალი ტფილისის” ისტორიული სადარბაზოების რესტავრაციის პროგრამის ფარგლებში- დ. აღმაშენებლის 36-ში არსებული ისტორიული სადარბაზოს სარესტავრაციო სამუშაოები განახორციელა.

სამუშაოების ფარგლებში მოწესრიგდა კარ-ფანჯარა და გადახურვა,  კედლებიდან და ჭერიდან მოიხსნა გვიანდელი ქსელები და არაავთენტური ნაკეთობები, აღდგა სადარბაზოში გათბობის მიზნით, მრავალჯერადად დანთებული ღია ცეცხლის გამო ნაწილობრივ დამწვარი ჭერის მოხატულობა, ქვედა სართულებზე
დარესტავრირდა სადარბაზოში არსებული ხის კარ-ფანჯარა და ლითონის მოაჯირი, კიბის საფეხურები და სხვა დეტალები,  რესტავრაცია-კონსერვაცია ჩაუტარდა ზეთის საღებავით დაფარულ პირვანდელ მხატვრობას და შეძლებისდაგვარად განახლდა დაზიანებული დეკორატიული ელემენტები. პირველადი სახით აღდგა სადარბაზოს შესასვლელ კარზე არსებული ძველი საფოსტო ჭრილი, ძველებური ორნამენტები და ისტორიული წარწერა. მოწესრიგდა განათება და სადარბაზოში შესასვლელი ხის ძველებური კარი.

ცნობილი საზოგადო მოღვაწის და მეცენატის – ერასტი ჭავჭანიძის მიერ 1903 წელს ოჯახისთვის აშენებულ ისტორიულ სახლში, სადარბაზო ფლორენციულ მხატვრებს მოუხატავთ და სახლის არქიტექტორიც უცხოელი ყოფილა. სადარბაზო უაღრესად მაღალმხატვრული მნიშვნელობისაა, მეორე სართულზე გამოყენებულია მიხეილ ზიჩის ილუსტრაციები, კერძოდ, ორი კომპოზიცია ვეფხისტყაოსნიდან და ამით გამოირჩევა თბილისში არსებული ისტორიულ სადარბაზოებს შორის.

სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად, როგორც თვითონ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლმა, ისე მასში არსებულმა სადარბაზომ რეალურად დაიბრუნა არქიტექტურულ-მხატვრული ღირებულება და კიდევ დიდხანს შეუნარჩუნდება ძველ თბილისს, როგორც მიზიდულობის უმნიშვნელოვანესი კერა.

#ახალიტფილისი