გუდიაშვილის მოედანზე შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის გაზაფხულზე პროექტ „ახალი ტფილისის“ „მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის“ ფარგლებში დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოებს წინ უძღოდა მოედნის კონსერვაციის გეგმის, დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების და საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების აღდგენის სამუშაოები 2016-2017 წლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს აღმოჩენები გაკეთდა შემდეგ მისამართებზე: ახოსპირელის 7/2 -ში – თიხის კერამიკული არტეფაქტები, შუა საუკუნეებით დათარიღებული სამეურნეო ხაროები, თონე და სხვა; ბ. ახოსპირელის N4-ში სხვადასხვა ზომის ქვევრი და მასში განლაგებული კერამიკული ნაწარმი: დიდი, საშუალო და მცირე ზომის მოჭიქული სამი დოქი, რომელიც სავარაუდოდ მე -17 – მე-18 საუკუნეების პერიოდს მიეკუთვნება, საშულო და მცირე ზომის ჭინჭილა
სპილენძის აზარფეშა – გრძელტარიანი, ფართოპირიანი დიდი კოვზისებური ღვინის სასმისი და სპილენძის თეფში;
ბ. ახოსპირელის N4-ში აღმოჩენილი ხუთივე ჭურჭელი ერთნაირად, მომწვანოდაა მოჭიქული. ისინი ზუსტად იმეორებენ ახოსპირელის N7/2-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარდაფში გამოვლენილ კერამიკულ ჭურჭელზე დატანილ დამღას, წვეროსანი მამაკაცის ანფასს, რომელსაც პირობითად „თბილისელი“ ეწოდა.
აღმოჩენილი არქეოლოგიური არტეფაქტები გამოსაკვლევად საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაეცა, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოების არქეოლოგიურ ზედამხედველობას ახორციელებდა.
აღმოჩენების შენარჩუნების აუცილებლობის გამო, „თბილისის განვითარების ფონდის“ მიერ განხორციელდა ცვლილებები საპროექტო დოკუმენტაციაში, რის შედეგადაც აღდგენილი ისტორიული ძეგლები მაქსიმალურად საინტერესო და დათვალიერებადი გახდება მომავალში.
ლადო გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროეტის ფარგლებში სრულ აღდგენას ექვემდებარება 30-მდე შენობა, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის 20-მდე ძეგლი.
#ახალიტფილისი