თბილისის განვითარების ფონდმა 2018 წლის გაზაფხულზე პროექტ „ახალი ტფილისის“ „მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის“ ფარგლებში, გუდიაშვილის მოედანზე შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოებს წინ უძღოდა მოედნის კონსერვაციის გეგმის, დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების და საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების აღდგენის სამუშაოები 2016-2017 წლებში.
დღეისთვის, გუდიაშვილის მოედანსა და მიმდებარე შენობების ნაწილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია, ხოლო ნაწილზე კერძოდ: ახოსპირელის გასასვლელი N3/7; ჯიბალძის ქ N5 და N3; აბო თბილელის ქ N1,N2,N3, N4, N6 და N7; გ. აბესაძის ქ N21 და N23; საიათნოვას N1; ლერმონტოვის ქ N1/9 და N3; ახოსპირელის ქ N5; ახოსპირელის I ჩიხი 2/4–ზე სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც მოსალოდნელი იყო, შენობების სარდაფების გაწმენდის დროს, სარეაბილიტაციო მისამართებზე დაფიქსირდა საკმაოდ მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მასალა და არტეფაქტები. ისტორიული ნაშთების ნაწილი ძველი ნაგებობების, სათავსოების და ჭურჭლის სახით, შუა საუკუნეების პერიოდს მიეკუთვნება. გამომდინარე აღმოჩენების მნიშვნელოვნებიდან, სამუშაოებში პირველი დღეებიდან ჩართულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, საიდანაც ყოველდღიურ რეჟიმში სარდაფების გასუფთავების სამუშაოებში ჩართული არიან ხელოვნებათმცოდნეები და არქეოლოგები. აღმოჩენების შენარჩუნების აუცილებლობის გამო, „თბილისის განვითარების ფონდის“ მიერ განხორციელდა ცვლილებები საპროექტო დოკუმენტაციაში, რის შედეგადაც აღდგენილი ისტორიული ძეგლები მაქსიმალურად საინტერესო და დათვალიერებადი გახდება მომავალში.
ლადო გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროეტის ფარგლებში სრულ აღდგენას ექვემდებარება 30-მდე შენობა, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის 20-მდე ძეგლი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულება 71,137,330ლარს შეადგენს, რომელიც ქალაქ თბილისის მერიის ბიუჯეტით ფინანსდება.
პროექტის განხორციელების შედეგად, აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებ 200-მდე ბინათმესაკუთრეს საგრძნობლად გაუუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები. ასევე, გაიზრდება უძრავი ქონების ღირებულება. ქალაქის ისტორიულ ნაწილში გაჩნდება ახალი, ტურისტულად აქტიური ქუჩები, რაც ეკონომიკის სტიმულირებისთვის მნიშვნელოვანია.
გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები ასევე მოიცავს გუდიაშვილის მოედნისა და ბაღის გამწვანება-კეთილმოწყობას, ქუჩების საფარის აღდგენას.
ლადო გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაცია 2022 წლის ბოლომდე დასრულდება.