რუსთაველის გამზირის N6-ში მდებარე მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რესტავრაცია-რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოები პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში ხორციელდება.
ამ ეტაპზე, შენობის სახურავისა და პარაპეტის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ინტერიერში დეკორატიული ოთახების რესტავრაცია, შიდა კომუნიკაციების მოწესრიგება, კარ-ფანჯრებისა და შენობის ფასადის სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სრული სარესტავრაციო- სარეაბილიტაციო სამუშაოებია დაგეგმილი, რომელიც მოიცავს: საინჟინრო ქსელების მოწესრიგებას; ბაღისა და 9 აპრილის ქუჩის მხარეს მდებარე მაღალი საყრდენი კედლის გამაგრებასა და საძირკვლის გაძლიერების სამუშაოებს; ინტერიერში ოთახების სარესტავრაციო-სარემონტო სამუშაოებს; მხატვრულ-დეკორატიული დარბაზების საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოებს; კარ-ფანჯრების განახლებას; დაზიანებული დეკორატიული ბალუსტრადის რესტავრაციასა და მის გადაწყობა- აღდგენას; სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას შენობაზე, ეზოსა და სასახლის ისტორიულ ღობეებზე.
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, დაახლოებით, 80-წლიანი ისტორიის მქონე კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრია, სადაც დღეისთვის, 4 500-მდე მოსწავლეა რეგისტრირებული. შენობაში არქიტექტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით, საინტერესო სივრცეებია – ე.წ. სარკეებიანი, მარმარილოს და თეთრი დარბაზები.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობის რეაბილიტაცია 2023 წელს დასრულდება. პროექტის ბიუჯეტი 33 700 000 ლარია.