გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა N18-ში მდებარე შენობა, XIX – XX საუკუნის დასაწყისის თბილისური არქიტექტურის ერთ-ერთი გამორჩეული ნაგებობაა, რომელიც 1911 წელს ძმები სეილანოვების მიერ არის აგებული. სადარბაზო კი იმ პერიოდისთვის დამახასიათებლი ტექნიკური ხერხებით ბენო ტელინგატერის მიერ არის მოხატული. ბენო ტელინგატერი თბილისური სახლებისა და ბაქოს თეატრების დეკორატორად მუშაობდა.
სადარბაზოს ინტერიერის კედლებზე ალეგორიული და ორნამენტული კომპოზიციებია წარმოდგენილი. პირველი სართულის მხატვრობა ზეთის საღებავით არის შესრულებული, დანარჩენ სივრცეში კი დეკორატიული მხატვრობით დაფარულ ისტორიულ შპალიერს ვხვდებით.
სარესტავრაციო სამუშაოების შემდეგ ისტორიულმა სადარბაზომ დაიბრუნა იერსახე და ღირებულება და კიდევ მრავალი წლის განმავლობაში იქნება ძველი თბილისის უმნიშვნელოვანესი მიზიდულობის კერა დამთვალიერებლებისთვის.